მდ ენგური
ენგური — მდინარე დასავლეთ საქართველოში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე და კოლხეთის ბარში. სათავე აქვს მყინვარ ენგურზე, ზღვის დონიდან 2614 მ-ზე. სოფ. ანაკლიასთან ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 213 კმ, აუზის ფართობი 4060 კმ2. მთავარი შენაკადებია - მარჯვენა: ადიშისჭალა, ხალდეჭალა,მულხრა, დოლრაჭალა, ნაკრა, ნენსკრა; მარცხენა: თხეიში, ხუმფრერი, ლასილი, მაგანა, ჯუმი და სხვა. ენგური ზემოთში კვეთს სვანეთის ქვაბულს, შემდეგ კი ღრმა და ვიწრო ხეობაში მიედინება. ზემოთსა და შუა დინებაში მდინარის კალაპოტი ზოგან ჭორომიანია. ქალაქ ჯვართან მდინარე გამოდის კოლხეთის დაბლობზე, ქმნის ფართო ხეობას და იტოტება. სოფ. რუხთან იყოფა ორ ტოტად, რომელთა შორის მოთავსებულია 12 კმ სიგრძისა და 0,5-2,0 კმ სიგანის კუნძული. მასზე გაშენებულია სოფ. შამგონა.
ენგური შერეული საზრდოობის მდინარეა; ზემოთში წლიური ჩამონადენის 66%-ს შეადგენს თოვლისა და მყინვარის წყალი, 22%-ს გრუნტის წყალი, 12%-ს წვიმის წყალი, ქემოთში შესაბამისად - 18%, 26% და 56%-ს. საშუალო წლიური ხარჯი სოფ. ხაიშთან 109 მ3/წმ უდრის შესართავთან 170 მ3/წმ. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალმცირეა ზამთარში. სოფ. ლახამულიდან სოფ. შამგონამდე ენგურს იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, ქვემოთში - სარწყავად, ენგურ-გალის სარწყავი არხის საშუალებით. ქალაქ ჯვართან აშენდა ენგურის ჰიდროელექტროსადგური. სოფ. ტობართან დაპროექტებულია 750 ათ. კვტ სიმძლავრის ტობარჰესის მშენებლობა. ენგურის გასწვრივ გადის სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონების ადმინისტრაციული საზღვარი.
No comments:
Post a Comment