ზემო სვანეთი
გეოგრაფია[რედაქტირება]
ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანმოკლე ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7 °C, იანვრის 6,4 °C, ივლისის 16,4 °C. აბსოლუტური მინიმალური - 35 °C, აბსოლუტური მაქსიმალური 35 °C. ნალექები 1035 მმ წელიწადში.
მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს სამთო-სათხილამურო ტრასა ჰაწვალი
ტრანსპორტი[რედაქტირება]
მესტია მდებარეობს თბილისიდან 456 კმ, ხოლო ზუგდიდიდან, რომელიც უახლოესი რკინიგზის სადგურია, 128 კილომეტრზე. ზუგდიდთან მესტია დაკავშირებულია საავტომობილო გზით.
2010 წლის 24 დეკემბერს მესტიაში გაიხსნა თამარ მეფის სახელობის აეროპორტი.[3] საწყის ეტაპზე, მესტიის აეროპორტში სახელმწიფოსაგან "სუბსიდირებული ფრენები“ განხორციელდება, რითაც ხელისუფლება ბილეთების გაიაფებას და ტურისტებს მოზიდვას ისახავს მიზნად.[4] მესტიის აეროპორტის მშენებლობა სახელმწიფოს დაახლოებით 8 მლნ ლარი დაუჯდა.
ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]
მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. საკულტო ნაგებობათაგან აღსანიშნავია: მაცხოვრის (მაცხვარიშ) ქვით ნაგები ორსართულიანი ეკლესია (XIII-XIV სს.), რომლის კედლებსაც მაღალოსტატურად მოხატული ფრესკები ამკობს; ღვთისმშობლის (ლამარია) ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები) მოხატულობითა და წარწერეით; სეტის მთავარანგელოზთა (თარნგზელ) და ფუსტის ეკლესიები. შემონახულია აგრეთვე სვანური სახლ-სიმაგრეები - გალავნით შემოზღუდული ერთიანი კომპლექსი, რომელშიც შედის კოშკი, მასზე მიდგმული სახოვრებელი (მაჩუბი) და სამეურნეო დანიშნულების სხვა შენობები.
მესტია მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. მათგან აღსანიშნავია სვიმონ მესვეტის ხატი (XI ს., მაცხოვრის ეკლესია), საკურთხევლის წინა ჯვარი და მაცხოვრის ხატი (მთავარანგელოზთა ეკლესია). მესტიის სვანეთის ისტორილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ქართული ჭედური ხელოვნების მრავალი ღირსშესანიშნავი ნიმუში, ძველი ქართული ენისა და მწერლობის უძველესი ძეგლები (ადიშის ოთხთავი, 897, და სხვა).
დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის (სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, მიხეილ ხერგიანის ძეგლი (1974, (მოქანდაკე ვ. ონიანი, არქიტექტორივ. ცინცაძე) და სახლ-მუზეუმი, განათლების, ჯანდაცვის და ტურიზმის დაწესებულებები.